27 ოქტომბერს 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეაში "უნივერსი", გაიმართება კავკასიის რეგიონის ენერგეტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო - ტექნიკური ელექტრონული ჟურნალის www.energyonline.ge -ის გახსნის პრეზენტაცია.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, USAD-ის დაფინანსებით შექმნილი ელექტრონული ჟურნალი www.energyonline.ge , რომელსაც კავშირი მეცნიერება და ენერგეტიკა ახორციელებს არის სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის რეგულარული ინტერნეტ-გამოცემა რომლის ძირითადი მიზანია ენერგეტიკული სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ელექტრონული ჟურნალის და შესაბამისი თემატური ინტერნეტ-ფორუმის შექმნა და მათი ფუნქციონირების ტექნიკური და სარედაქციო უზრუნველყოფა. ასევე, პროექტი ითვალისწინებს განახლებად ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც გაერთიანდება ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკული/ენერგოდამზოგი პროექტებისა და ხელმისაწვდომი სამეცნიერო-ტექნიკური სიახლეების შესახებ.
ჟურნალის თემატიკა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ტრადიციული ენერგეტიკა _ სამეცნიერო კვლევების შედეგები და ტექნოლოგიური ინოვაციები; მსოფლიოს ენერგეტიკული სიახლეების მიმოხილვა; რეგიონალური ენერგეტიკა - სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები, ენერგოუსაფრთხოების ინიციატივები; ენერგიის ალტერნატიული წყაროები - თეორია, პრაქტიკა, იდეები; სატრანსპორტო ენერგეტიკული სისტემები - ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მაგისტრალური მილსადენები; ენერგეტიკული მშენებლობა; ეკოლოგია, გარემოზე ზემოქმედება და დაცვა.