რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი აცხადებს, რომ რუსული არმია უზარმაზარ სახსრებს "ჭამს", მაგრამ დაკისრებული ამოცანების შესრულებას ვერ ახერხებს. ეს განცხადება მაკაროვმა "როსიისკაია გაზეტასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, არმია მაქსიმალურად სწრაფად უნდა რეაგირებდეს ნებისმიერ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
"თანამედროვე მსოფლიოში ფართომასშტაბიანი ბრძოლების ნაცვლად უკონტაქტო საბრძოლო მოქმედებების გამოყენებით მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება ხდება. ამჟამად რუსულ არმიაში გამოიყენება მოდულობის პრინციპი, რომელიც ბატალიონებისა და ბრიგადების თავისუფალ დაკომპლექტებას ითვალისწინებს. დასახული მიზნის, საბრძოლო მოქმედებების თეატრისა და შექმნილი პირობების მიხედვით შესაძლებელია სამხედრო ფორმირებების კონფიგურაციის შეცვლა", _ აცხადებს მაკაროვი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, არმიის უბრალოდ მობილურად გადაკეთება საკმარისი არ არის. ყველაფერს კადრები წყვეტენ და ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას.
"ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსულ არმიაში არ ჩატარებულა ინტენსიური საბრძოლო მომზადება და აკადემიებისა და სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს არ ჰქონდათ საშუალება თავიანთი თეორიული ცოდნა პრაქტიკული მოქმედებებით გაემყარებინათ. ეს ისეთივეა როგორ უცხო ენა _ პრაქტიკა თუ არ არის, 2-3 წელიწადში ენა გავიწყდება. ამასთან ერთად, ასეთი პრაქტიკის არმქონე ოფიცრები სამხედრო წოდებებს იმაღლებდნენ და ზოგი მათგანი არმიის სარდლობამდეც კი ავიდა", _ აცხადებს რუსეთის გენშტაბის უფროსი.
ნიკოლაი მაკაროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხედრო რეფორმის სროს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მეთაურების მენტალიტეტისა და მათი ომზე შეხედულებების შეცვლაა.
"სასწავლო ძეწკვი ჩვენ უკვე ავაწყვეთ, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ყველაფერი რაც ოფიცრებმა თეორიაში ისწავლეს პრაქტიკაში უნდა აითვისონ", _ აცხადებს მაკაროვი.