რუსეთის ფედერაციის სათათბიროს სპიკერი სერგეი მირონოვი პირველი სერიოზული პოლიტიკოსი გახდა რომელმაც "არ გამორიცხა" თავისი კანდიდატურის დაყენება 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
"ამით მირონოვმა ქვეყანაში საპრეზიდენტო კამპანია ფაქტობრივად გახსნილად გამოაცხადა", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა". მათივე ინფორმაციით, ამასთან ერთად, სერგეი მირონოვმა კატეგორიულად გამორიცხა, ის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად თავიანთ კანდიდატურებს ერთდროულად დააყენებენ ქვეყნის ახლანდელი მმართველები _ დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მირონოვის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა ერთნახევარ პარტიული სისტემიდან ოთხპარტიულ სისტემაზე გადადის.
აღსანიშნავია, რომ სერგეი მირონოვი ერთხელ უკვე იყრიდა კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 2004 წელს. მაშინ მან ამომრჩეველთა ხმების 0,8 % დააგროვა.
"არჩევნებში მედვედევისა და პუტინის ერთდროული მონაწილეობა სრულიად არარეალურია. იმიტომ რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთი გუნდის წევრები არიან და ასეთებად დარჩებიან საკმაოდ ხანგრძლივი მომავლის განმავლობაში 2012 წლის შემდეგაც. "სპრავედლივაია როსია" კი საპრეზიდენტო მარათონში დუმის არჩევნებზე უფრო ადრე ჩართვას არ აპირებს", _ განაცხადა მირონოვმა.
გაზეთის ინფორმაციით, ბოლო დროს ესერები მომატებულ პოლიტიკურ აქტიურობას იჩენენ. "საკმარისია გავიხსენოთ, რომ სერგეი მირონოვის დაპირისპირება დუმის სპიკერთან ბორის გრიზლოვთან და მათ შორის შეთანხმების გაფორმება, რომელსაც მედიამ "თავდაუსხმელობის პაქტი" შეარქვა. შემდეგ ეტაპზე მირონოვის პარტიამ რეგიონალურ არჩევნებზე "ედინოროსები" ოდნავ ჩააჩოჩა", _ წერს გაზეთი.
სოციოლოგიის ინსტიტუტის ელიტების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა კრიშტანოვსკაია აცხადებს, რომ იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მირონოვი თავისი კანდიდატურის დაყენებას აპირებს არაფერი უცნაური და გასაკვირი არ არის.
"მირონოვი პარტიის ლიდერია და პირიქით, გასაკვირიც იქნებოდა, რომ საპარლამენტო სტრუქტურების ლიდერები თავიანთ კანდიდატურებს არჩევნებზე რომ არ აყენებდნენ. ასე, რომ სპიკერის პოზიცია ნორმალურია", _ აცხადებს კრიშტანოვსკაია და დასძენს, რომ მხოლოდ მირონოვი როდი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მედვედევი და პუტინი ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ჩვენს მიერ გამოკითხული ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მრავალი წარმომადგენელი ფიქრობს ასე. ბევრი მიიჩნევს, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებას მოერიდებია", _ აცხადებს კრიშტანოვსკაია.