ლიტვაში საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, "საქართველოში არსებული ვითარება" - ასე ქვია რეზოლუციას, რომელიც ლიტვაში ორგანიზაცია "დემოკრატიის საზოგადოების" ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმზე (The Community of Democracies Parliamentary Forum) იქნა მიღებული.
რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფა და ხაზგასმულია, რომ რუსეთმა არა მარტო არ გაიყვანა თავისი ჯარები საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებზე, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს, არამედ აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მილიტარიზაციას.
"დემოკრატიის საზოგადოება" შეშფოთებულია იმით, რომ ამჟამად ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს მონიტორინგის არც ერთი საერთაშორისო მექანიზმი, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ გაეროსა და ეუთოს მისიების მანდატებზე დადებულ ვეტოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) რეგიონებში შეშვებაზე უარის თქმით.
რეზოლუციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები ხელს შეუწყობს არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
"დემოკრატიის საზოგადოება" კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემასა და მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.