სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას არვცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება დასრულდა.
სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 GB მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, 2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის.
სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი.
შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ.
ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა".