საკადრო გადაწყვეტილებები და, ზოგადად, საკადრო რესურსი სწორედ ის თემაა, რომელიც შეიძლება ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცეს, - აცხადებს გაზეთ "პრემიერთან" საუბარში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
"ანალოგიას თუ მოვიხმობთ, დღევანდელი სიტუაცია იმ დროს მაგონებს, როცა "მოქალაქეთა კავშირის" ერთი ფრთა, ჟვანია-სააკაშვილის სახით, სამოქალაქო სექტორს აძლიერებდა, კვებავდა, აპიარებდა და გარშემო იკრებდა, დანარჩენი "მოქალაქეთა კავშირი" კი, შევარდნაძის მეთაურობით, უსუსურად აკვირდებოდა ამ პროცესს, საპირწონე ინტელექტუალური ნაკადის შექმნის ნაცვლად. ახლაც, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მომხდარმა მოვლენებმა გამოაჩინა, რომ მთელმა "ენჯეო"-სექტორმა თუ მედიის დიდმა ნაწილმა მიზიდულობის ცენტრად "რესპუბლიკური პარტია" არჩია, მაშინ როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ლამის ფეოდალის კარის ციხესიმაგრეს დაემსგავსოს, სადაც უშურველად არიგებენ თანამდებობებს ნათესავ-მეგობრებსა და ნათელ-მირონებზე. ამ ჩაკეტილ სივრცეში "უცხოს" არაფერი ესაქმება, ემანდ დისბალანსი არავინ შეიტანოს ამ საყოველთაო ერთხმიანობაში. აბა, ინტელექტუალური რესურსი და საზოგადოების მხარდაჭერა რა მოსატანია ნათესავისა და ნათელ-მირონის მორჩილება-ერთგულებასთან", - აცხადებს ლაგაზიძე.
მასალის გამოყენების პირობები