აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა და კონგრესმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის საქმიანობის განახლების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა მოკლევადიანი დაფინანსების დოკუმენტს, რომლის მოქმედებაც 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
ტელემიმართვისას ტრამპმა დასძინა, რომ 15 თებერვლის შემდეგ, ის აუცილებლად მოითხოვს კედლის დაფინანსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შათდაუნი“ ისევ აღდგება, ან გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას.
დღეს, ამერიკულ მედიაში, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 იანვარს, აშშ-ის სენატში ჩავარდა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საზღვარზე კედლის აშენებისთვის საჭირო ფინანსურ დანახარჯებს შეიცავდა.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურული იყო. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.