აშშ-ის სენატში ჩავარდა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საზღვარზე კედლის აშენებისთვის საჭირო ფინანსურ დანახარჯებს შეიცავდა.
გარდა ამისა, სენატში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა დემოკრატების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა, რომელიც მთავრობის მუშაობის დროებით განახლებასა და ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებების გაგრძელებას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური ტელემიმართვისას, წარმოადგინა გეგმა მთავრობის შეჩერებული საქმიანობის სრულად აღსადგენად და დემოკრატებს კომპრომისზე წასვლა შესთავაზა.
ტრამპი კვლავინდებურად ითხოვდა თანხას საზღვარზე კედლის ასაშენებლად, სანაცვლოდ კი დემოკრატებს ე.წ. „მეოცნებეების“ სტატუსის სამი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდა.
ე.წ. „მეოცნებეებს“ უწოდებენ იმიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში არასრულწლოვნები ჩამოიყვანეს და განათლებას ამერიკულ სკოლებში იღებდნენ. ასეთ პირებს, რომლებსაც იმავდროულად არ ჰქონდათ ნასამართლეობა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მისცა. ობამას ამ პროგრამით, რომელსაც DACA-ს უწოდებენ, მთლიანობაში 700 000 პირი სარგებლობდა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ტრამპის მიერ კომპრომისული გეგმის გავრცელებდა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ დემოკრატები პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ვერ დაუჭერდნენ მხარს.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.