გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა და გარე საფრთხეების წინაშე დგას - მათ შორის, ექსტრემისტული პარტიებისა და რუსეთის მხრიდან. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიის დესტაბილიზაციას ყოველდღიურად ცდილობს.
მერცმა ამის შესახებ ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (CSU) ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება ევროპაში, როდესაც იზრდება საფრთხეები როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი ექსტრემისტებისგან, ისე უცხო სახელმწიფოებისგან?“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, რუსეთის საფრთხე მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. მერცმა ევროპაში კიბერშეტევებზე, დივერსიებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მცდელობებზეც ისაუბრა. მან მაგალითად ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მოიყვანა, როდესაც უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიის ხელისუფლება ამ ინციდენტის უკან მოსკოვს ხედავს.
„ეს საფრთხე უკვე მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება. მთელ ევროპაში ვხედავთ კიბერშეტევებს, დივერსიებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მცდელობებსა და ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობებს. ყოველივე ეს ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე მოუწოდა კონსერვატიულ ძალებს ერთიანობისკენ და კვლავ გამორიცხა ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანამშრომლობა.