თეთრი სახლი ამზადებს დოკუმენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებული საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საგანგებო ფონდებიდან 7 მლრდ დოლარის აკუმულირება. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩევლების მოსაზრებები ორად იყოფა. თუმცა თეთრ სახლში აგრძელებენ მუშაობას ალტერნატიული გეგმების დასამუშავებლად.
„აშშ-ში ყოველდღიურად უკანონოდ შემოსული მიგრანტების მასშტაბური რაოდენობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და სწორედ ეს არის საფუძველი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა.
შესაბამისად, მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქვეყნის სამხრეთ საზღვართან ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატში ჩავარდა დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საზღვარზე კედლის აშენებისთვის საჭირო ფინანსურ დანახარჯებს შეიცავდა.
გარდა ამისა, სენატში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა დემოკრატების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა, რომელიც მთავრობის მუშაობის დროებით განახლებასა და ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებების გაგრძელებას ითვალისწინებდა.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.