თბილისი.26.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". უკრაინის გენერალური პროკურატურა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს უარყოფს. ამის შესახებ საუბარია უკრაინის გენპროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გავრცელებული ინფორმაცია, გასულ წელს ქართულ-ოსური შეიარაღებული დაპირისპირების დროს უკრაინელი სამხედრობის ყოფნის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე სინამდვილეს არ შეესაბამება",_ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინის გენპროკურატურა მოუწოდებს მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებისგან და თავი აარიდონ მსგავს კომენტარებს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ასევე შეახსენებს ყველას, რომ სამხედრო პროკურატურის ორგანოების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ და უკრაინის არც საჰაერო შეიარაღებული ძალები და არც სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო დახმარებას არ უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ 2006-2008 წლებში სამხედრო დანიშნულების საქონელი უკრაინიდან საქართველოს მიეწოდებოდა წინასწარ დადებული საგარეო ეკონომიკური კონტრაქტებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით.
შეგხსენებთ, რომ 2009 წლის აგვისტოში უკრაინის ელჩმა რუსეთში კონსტანტინე გრიცენკომ მოუწოდა რუსეთის პროკურატურას 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხრიდან გამუდმებით ისმოდა ბრალდებები უკრაინული მხარის მიმათ ამ საკითხთან დაკავშირებით, დამადასტურებელი დოკუმენტები მათის მხრიდან დღემდე წარმოდგენილი არ არის.