აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა არ გამოხატავდა ადმინისტრაციის პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გარდამავალი ადმინისტრაცია კვლავ არჩევს პერსონალს და ამზადებს პოლიტიკურ პოზიციებს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდისთვის.
„ბრაიან ლანზა წინასაარჩევნო კამპანიის კონტრაქტორი იყო. ის არ მუშაობს პრეზიდენტ ტრამპისთვის და არ საუბრობს მისი სახელით“, - თქვა გარდამავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ბრაიან ლანზამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ თავისი ვერსია. „როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ ჩვენ შევწყვეტთ ამ საომარ მოქმედებებს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ყირიმი დაგვიბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის: ყირიმი აღარ არის“, - თქვა ლანზამ.