საგარეო პოლიტკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გამოიყენოს.
ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრიი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, კიევში მისი ვიზიტის მკაფიო მიზანია უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის ხაზგასმა.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. მეტი სამხედრო მხარდაჭერა, წვრთნების მეტი შესაძლებლობა, მეტი ფული, უფრო სწრაფი მიწოდება და ასევე მტრის ტერიტორიაზე მისი სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების ნებართვა. არ არის საკმარისი ისრების შეჩერება, თქვენ უნდა დაესხათ თავს მეისრეებს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ მიწოდება და შევამციროთ ჩვენ მიერ დაწესებული წითელი ხაზები. ნაკლები თვითდაწესებული წითელი ხაზი, რადგან უკრაინისთვის დრო იზომება ადამიანების სიცოცხლით“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება და არა ოვაციები.
„პირველივე დღიდან მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინას არ სჭირდება აპლოდისმენტები. პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს არ სჭირდება ოვაციები. მათ არ სჭირდებათ ყოველ ჯერზე იმის თქმა, რომ მამაცები არიან და მათი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია ამაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია ტანკების, გამანადგურებლების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება“, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„მშვიდობის მიღწევის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ერთადერთი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიცია მკაფიოა: უკრაინის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებით დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ, ევროკავშირი ამ საკითხში მტკიცედ ვდგავართ თქვენ გვერდით, თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. პუტინს არ სურს მოლაპარაკებები და არ წავა მოლაპარაკებებზე, ვიდრე არ აიძულებენ“, – განაცხადა ბორელმა.