ხვალ, 23 ოქტომბერს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის, მწვანეთა პარტიის ლიდერის, გია გაჩეჩილაძის და ქალთა პარტიის ლიდერის და გუგული მაღრაძის ინიციატივით საპროტესტო აქცია-გამოფენა გაიმართება.
აქცია იმართება თბილისის საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლის თანახმად, თბილისში არსებულ 47 ბაღს, პარკსა და სხვა გამწვანებულ ტერიტორიას მოეხსენა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რითაც დაკანონებულ იქნა აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების წარმოება.
აქცია-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოექსპონატები, რომლებზეც ასახულია გამწვანებული ტერიტორიები, სადაც მშენებლობის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
აქციის დასასრულს აქციის მონაწილეები საკრებულოში შეიტანენა განცხადებას, რომლითაც ოფიციალურად იქნება მოთხოვნილი საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის № 10-24 გადაწყვეტილების გაუქმება.