75 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი თემო ჯაფარიძე გარდაიცვალა.
თემო ჯაფარიძე დაიბადა 1937 წლის 27 მარტს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის განყოფილება. გამოფენებში მონაწილეობს 1964 წლიდან.
1964 წელს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო - დაახლოებით 60 ნამუშევარი გამოიფინა. როგორც თემო ჯაფარიძე ამბობდა, ძირითადად, ეს ნაზი, ლირიკული პორტრეტები იყო, რასაც სოციალისტები ფორმალისტურად აღიქვამდნენ.
მეორე გამოფენა 1968 წელს მოეწყო და პირველთან შედარებით გაცილებით ხმაურიანი იყო. მწერალ მზია ბაქრაძის თაოსნობით, თემო ჯაფარიძის ნამუშევრები საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის კომიტეტის შენობაში, იმავე "გოგსში" გამოიფინა. გამოფენის გახსნას მხატვარი ასე იხსენებდა: "გამოფენის გახსნა უშიშროების კომიტეტმა, იგივე სუკ-მა კატეგორიულად აკრძალა, მაგრამ მანამდე ხალხმა ნამუშევრების დათვალიერება მაინც მოასწრო - ჩარაზული კარი რამდენიმეჯერ ხალხის ტალღამ შეამტვრია; უცნაური ხმები დაიყარა - "გოგსში" რაღაც უბედურებები კიდიაო და ხალხი ცნობისმოყვარეობის გამოც მოდიოდა".
ოთხი წლის შემდეგ - 1972 წელს გააკეთა დიდი პანო (280სმX512სმ) "საიდუმლო სერობა". ეს ნამუშევარი 16 წელს მისი მეგობრის ავტოფარეხში იდო; დამთავალიერებლებიც იქ მიდიოდნენ. დღეს მხოლოდ ამ ნამუშევრის ფოტოა შემორჩენილი, რადგან 1988 წელს "საიდუმლო სერობა" ავტოფარეხიდან მხატვრის სახლში გადაიტანეს; მხატვრის სახლი კი 1991-1992 წლებში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების დროს დაიწვა.
1988 წელს მხატვრის სახლში, მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე დაახლოებით 250 ნამუშევარი გამოიფინა. ამ გამოფენამ მხატვარს ოფიციალური აღიარება მოუპოვა. ოთხმოციან წლებში თბილისისისა და უცხოეთის სხვადასხვა კერძო გალერეაში მხატვრის რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოეწყო: 1991 წელს - სალონ "ფატმანში", პარიზის ერთერთი კერძო გალერეაში და კერძო გალერეა "ბრეტანში"; 1996 წელს - გალერეა "ტი-ემ-ეს"-ში, სადაც აკრძალულ გამოფენაზე გამოფენილი ნამუშევრები ნაწილობრივ გამოფინეს და 1997 წელს ამავე საგამოფენო დარბაზში ოთხმოცდაათიან წლებში შესრულებული ნამუშევრები გამოიფინა; 1999 წელს შარ დენის ქუჩაზე - "ბაიას გალერეაში"; 2000 წელს - გალერეა "ვერნისაჟში"; 2003 წელს სასტუმრო "კოპალას" საგამოფენო დარბაზში; გამოფენასთან ერთად კოპალაში" თემო ჯაფარიძის ლიტერატურული საღამოც მოეწყო. ამავე წლებში მრავალ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ხატვის პარალელურად თემო ჯაფარიძე წერდა. ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან მისი ლიტერატურული ნამუშევრების ბეჭდვა დაიწყო. უფრო ადრე, 1991 წელს ჟურნალ "მნათობის" პირველ შვიდ ნომერში გაგრძელებებით დაიბედჭა მისი ესეისტური თხზულება "ნახატის სიჩუმე", რომელიც 1979 წელს დაწერა.
თემო ჯაფარიძის მრავალი ესე, სტატია და რამდენიმე მოთხრობა გამოქყვენდა გაზეთებში - "მამული", "კავკასიონი", "ლიტერატურული საქართველო", "ქომაგი", "ახალი ეპოქა", "განახლებული ივერია"; ჟურნალებში - "XX საუკუნე" (მოთხრობა "ანგელოზის კვერცხი" და ესე "ღამისთევის პოეზია"), "ქომაგში" (მოთხრობა "ქალის კაპრიზი"), "ომეგაში" (მოთხრობა "შეშლილთან საუბრის ტაქტი"), "კლდეკარში" (მოთხრობა "სარკე ბრმებისთვის" და ესე "ლოგოსარტი"), "ცისკარში" (მოთხრობების ციკლი "ურთიერთობა დროის გასაყვანად" და მოთხრობა "აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა") და "ლიტერატურულ პალიტრაში" (მოთხრობები: "ჩემპიონი" და "ქალის კაპრიზი").
გამოცემული აქვს წიგნები "ნიკო ფიროსმანი" (1999 წელს), ლექსების კრებული "შეშლილი ქალის ვნებები" (2000 წელს), მოთხრობების ვრცელი კრებული "პროზა" (2003 წელს), კრებული "აღმოაჩინე ჩემი გამოხედვა" (ხუთი მოთხრობა) და რომანი "დაქირავებული დამტირებლის გულგრილობა" (2005 წელს).
თემო ჯაფარიძე ქართულ მხატვრულ ფილმებშია გადაღებული. 1976 წელს რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ "ამაღლებაში" გადაიღო. ამ ფილმში თემო ჯაფარიძე ეკლესიას აშენებს. ამავე რეჟისორის გადაღებულ კიდევ ერთ ფილმში "კაშხალი მთაში" თემო ჯაფარიძე მთავარ როლს ასრულებს - მხატვარია. გიორგი შენგელაიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში" ოცხელის როლს თამაშობს. 1987 წელს თემურ ბაბლუანმა "უძინართა მზეს" გადაღება დაიწყო და თემო ჯაფარიძეს მამის როლის შესრულება შესთავაზა, გადაღებებიც დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაღებებზე უარი თავად თემო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო და ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, იტალიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში.