საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და მოახლოებული რთველისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა. ქარხნის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა რომ, მიუხედავად სტიქიის მიერ კახეთში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებისა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დარჩენილი მოსავლის ჩაბარებას და გადამუშავებას. ვანო მერაბიშვილი ცისტერნების აწყობაში მონაწილე უჟანგავი ლითონის შემდუღებელსაც გაესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მისი პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ დასაქმების ბაზარზე. ქარხანაში არსებული უახლესი ტექნოლოგიები ყურძნის დახარისხების და შემდგომ ხარისხის მიხედვით მათი სხვადასხვა დანიშნულებით (მაღალი ხარისხის ღვინო, კონცენტრატები, სპირტი) გამოყენების საშუალებას იძლევა.
გურჯაანის ღვინის ქარხანამ, რომელიც სახელმწიფო კომპანია არის, გასულ წელს 11000 ტონა ყურძენი ჩაიბარა. წელს ქარხანამ საკუთარი სიმძლავრეები 4500 ტონის მოცულობის ღვინის შესანახი ცისტერნებით, მათ შორის 3000 ტონის მოცულობის იტალიური წარმოების ცისტერნებით, გაზარდა. გარდა ამისა შემოიტანა 1600 ცალი ფრანგული მუხის კასრი, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის დაძველებას საუკეთესო ხარისხით და ააწყო ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი, რომელსაც საათში 6000 ბოთლის წარმოება შეუძლია. შედეგად, მიმდინარე წელს გურჯაანის ღვინის ქარხანა მზად არის კახელი გლეხებისგან 20000 ტონა ყურძენი ჩაიბაროს.