უკრაინის ხარკივის ოლქის დასახლებულ პუნქტ ნოვა ვოდოლაგაში რუსეთის თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ერთი წლის გოგონა და მისი დედა, ასევე 11 წლის ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს საშინელი თავდასხმა და აბსოლუტური სისასტიკე უწოდა.
ზელენსკის თქმით, ერთი წლის ანგელინა, რომელიც 2025 წლის აგვისტოში დაიბადა, ეტლში იჯდა, როდესაც დრონი აფეთქდა. მისი დედა, ინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„შაჰედმა ფაქტობრივად პირდაპირ ადამიანებს დაარტყა - პარკში, ჩვეულებრივ კაფესთან. ეს აბსოლუტური სისასტიკეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას დაცვა და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.
„რუსეთთან ფულზე არ უნდა იფიქრო, ვიდრე ის თავის უაზრო ომს აგრძელებს. ვითხოვთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე მკვლელობები არ შეწყდება. ამერიკას მოვუწოდებთ, იმოქმედოს მტკიცედ და გამოიყენოს ლინდსი გრემის კანონი.
ევროპას ვთხოვთ, გააგრძელოს მხარდაჭერა. მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერი გააკეთონ, რათა მშვიდობა დამყარდეს და უსაფრთხოება გარანტირებული იყოს.
უკრაინას მშვიდობა სურს. სწორედ რუსეთი მოითხოვს მთელი ამ ხნის განმავლობაში მკვლელობების გაგრძელებას. მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს ომის შესაჩერებლად. დროა, ეს ძალა საბოლოოდ გამოიყენოს მკვლელების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
19 ოქტომბერს რუსეთის არმიამ ხარკივის ოლქში, ნოვა ვოდოლაგის ცენტრალურ პარკს დრონით დაარტყა. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. კიდევ 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვია.