საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შემდეგ რამდენიმე ქალაქსა და პარიზის ცალკეულ უბანში ღამის შეზღუდვები დაწესდა. Associated Press-ის ცნობით, პარიზში კომენდანტის საათი ორშაბათს, 19 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდა და სამშაბათს, 06:00 საათამდე გაგრძელდება. შეზღუდვა ორ უბანს - რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და სავაჭრო უბან ლე ალს ეხება.
პარიზის პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში დემონსტრაციები ასევე აიკრძალა. აკრძალვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ამოქმედდა.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ რეგიონულ ხელისუფლებებს მოუწოდა, არეულობის შედეგად დაზარალებულ ადგილებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი შემოიღონ. AFP-ის ცნობით, ღამის შეზღუდვები ჩრდილოეთ საფრანგეთის ოთხ ქალაქშიც დაწესდა, მათ შორის ლილში.
შეზღუდვები ქვეყანაში შაბათ-კვირას მომხდარ მასობრივ არეულობასა და ძარცვას მოჰყვა. საპროტესტო აქციები ცხოვრების გაძვირებისა და საჯარო სერვისების პრობლემების გამო დაიწყო, თუმცა რიგ ქალაქებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მაღაზიების დარბევაში გადაიზარდა.
Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, არეულობის დროს დაახლოებით 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო თითქმის 1 000 პოლიციელი დაშავდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნიუნესის, გადადგომა არ მიიღო და უსაფრთხოების ზომებში არსებული ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა.