საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, ჯერ თვითარიდება მიეცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე და შემდეგ, საერთოდ დაეტოვებინა თანამდებობა, აჩვენებს იმ ზეწოლას, რაც ხორციელდება მოსამართლეებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მანანა კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის ძალიან მძიმე დასკვნა.
„ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის არა კონსტიტუციური წყობილების დაცვა, როგორადაც ამას ცდილობს, წარმოაჩინოს „ქართული ოცნება”, არამედ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძვლიანად შერყევის მცდელობა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდებოდა უფასო ფულს, კეთილდღეობას, განვითარებას, ნაცვლად ამისა, მისი მმართველობის 14 წლის თავზე საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ტოტალური კორუფცია, სიღარიბე, საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნიდან ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქეები. ნაცვლად იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდეს, სთავაზობს მხოლოდ სანახაობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც წულუკიანის რუსული კომისიის მიერ დაწერილი დასკვნის საფუძველზე „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო, მხარეების განხილვის გარეშე, ფარულად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ შემდეგი, გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც თქვენ გავალებთ რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, არის გადაწყვეტილება, რომელიც დაწერილია კრემლში, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამ გადაწყვეტილებით თქვენ კრძალავთ არა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ასეულობითათას მხარდამჭერს, არამედ თქვენ ცდილობთ, მოკლათ თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეა“, – განაცხადა წითლიძემ.