აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ისევე როგორც რუსეთი, უკრაინასთან მიმართებით სამართლიანად იქცევა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ აპირებს, პროცესი შუა გზაზე შეწყვიტოს.
,გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ადეკვატურად იქცევა. ისინი დიდად არაფერს აკეთებენ. ასეა ჩინეთის შემთხვევაშიც. ჩვენ შეხვედრას ბირთვული იარაღისა და ბირთვული განიარაღების განსახილველად გავმართავდით“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ირანის საქმეებში არ ერევა.
„ეს კარგია, რადგან ირანს ძალიან ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ. როგორც ვხედავთ, რუსეთს ირანში არაფერი გაუკეთებია და ეს, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი ფაქტია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმაში, რომ თითქოს ომის დასრულება არ სურს.
„ზელენსკი ვითარების მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას არ სურს, ეს ყველაფერი დასრულდეს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა ადამიანი წარადგინოს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მზად არის, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამმხრივ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.