რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში ჩრდილო კავკასიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიაში დიმიტრი მედვედევის რწმუნებულთან ალექსანდრე ხლოპონინთან მყარი კონტაქტების დამყარებაა. ჯგუფის ხელმძღვანელად ტელეჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას პალატის პრესსამსახური ავრცელებს.
"ჩემი ძირითადი სამუშაო ჩრდილო კავკასიის რეგიონებთან კონტაქტების დამყარებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანური დიალოგის მეშვეობით ამ რეგიონში ნამდვილი სტაბილურობის დამყარებაა შესაძლებელი", _ განაცხადა შევჩენკომ.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს დამყარებული კონტაქტები საზოგადოებრივ და სახელმწიფო ტრუქტურებთან დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოსა და აფხაზეთში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 20 იანვარს რუსეთის შვიდი რეგიონისგან შემდგარი ჩრდილო -კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნის ბრძანებას მოაწერა ხელი. ახალ ფედერალურ ოლქში კი თავის რწმუნებულად კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ხლოპონინი დანიშნა.
ჩრდილო -კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევლენ: სტავროპოლის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა- ალანია. ფედერალური ოლქის ცენტრი პიატიგორსკი იქნება. ადრე ყველა ეს რეგიონი სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.