საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლები და ჯონ ბასი სხვადასხვა "მასთ ქერიზე" საუბრობენ. ამის შესახებ მან, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, " MUST GARRY -ის პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომიბის პრობლემის დაძლევას გულისხმობს და ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის მას.
მინაშვილის მტკიცებით, ქართული არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი "მასთ ქერის" ვარიანტი, ბუნდოვანი და უპრეცედენტოა.
"არსად არ ხდება, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება ჰქონდეთ, მასში ჩაერთოს სხვა საკაბელო და სატელიტური მაუწყებლი. ეს არის თავისუფალი, შეუზღუდავი ბიზნესი და აქ სახელმწიფოს რეგულირება უფრო შეზღუდავს თავისუფალ მედიას. სად არის ზღვარი? კაბელს თუ ავალდებულებ სხვა კაბელის ჩართვას, რატომ არ ავალდებულებ მაგალითად, რომელი პოლიტიკოსი აჩვენოს მთელი დღის განმავლობაში? ეს არის ზედმეტი რეგულირება, რომელიც თავად თავისუფალი მედიისთვის არის მიუღებელი. ამიტომ "მასთ ქერის" შემოთავაზებულ ფორმაზე საუბარი ზედმეტია", - აღნიშნა მინაშვილმა.
რაც შეეხება ჯონ ბასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ელჩი ზოგადად "მასთ ქერიზე" საუბრობს და არა მის შინაარსზე.
"რაც შეეხება ზოგადად "მასთ ქერის" რომლის დაზუსტებასაც ჯონ ბასი არ ახდენს და მარტო ტერმინს იყენებს, ამაზე საუბარი გრძელდება და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - დასძინა მინაშვილმა.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა, რომ " MUST GARRY -ის პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომიბის პრობლემის დაძლევას გულისხმობს.
"მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება და მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ", _ აცხადებს ბასი. თუმცა აშშ-ის ელჩი აქვე აცხადებს, ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის აღნიშნულ პრობლემას.