რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ 28 იანვარს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ, მეცხრე რაუნდზე, მოსკოვი კვლად დაჟინებით მოითხოვს დაუყოვნებლივ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება - პაქტი საქართველო-აფხაზეთსა და საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის თავდაუსხმელობის შესახებ.
"დისკუსიები ორგანიზებული იქნება ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში _ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემატიკის საკითხზე, რომელიც თავის თავში მოიცავს დევნილებისა და გადაადგილებული პირების საკითხებსაც. პირველ ჯგუფში, რუსული მხარე აპირებს აქცენტი კვლავ გააკეთოს თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაფორმებაზე, რომელიც ერთი მხრივ საქართველოსა და აფხაზეთს, მეორეს მხრივ კი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს. თბილისიდან სამხედრო რიტორიკის გაგრძელებისა და ნებისმიერ ფასად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოწოდებების გაგრძელების ფონზე, ასევე საქართველოს მიერ სამხედრო შეიარაღების აღდგენის ფონსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან მიმდინარე მანევრების ფონზე სოხუმისა და ცხინვალისათვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიცემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათს იძენს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ პარალელურად ასევე დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს საქართველოს რემილიტარიზაციისა და მისი თავდასხმითი სამხედრო პოტენციალის აღდგენის საკითხი.
"პერსპექტივაში ყოველივე ამან შეიძლება კავკასიაში მდგომარეობის დაძაბვა და იქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის სავალალო შედეგები მოიტანოს. საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა მონაწილეს უნდა ესმოდეს, რომ დამღუპველია საქართველოს მიმართ წარმოებული ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით მისთვის იარაღის მიწოდების საკითხს ეხება. სააკაშვილის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდება ხომ უპირველეს ყოვლისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უქმნის საფრთხეს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სერგეი ლავროვის უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ასევე ჯეროვანი ყურადღება დაეთმობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობაში წარმოქმნილ პრობლემებს.
"ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში იგეგმება მუშაობის გაგრძელება საბაზისო პარამეტრებზე, რომლებიც მომავალში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნების პროცესის დაწყებასა და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოახლეობისათვის დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების ბოლოს ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ პროცესზე "ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
"ამ კანონს დისკრიმინაციული ხასიათი აქვს",_ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის პოზიცია თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით შემდეგნაირია: უკვე დიდი ხანია რუსეთის ფედერაცია ითხოვს ე.წ. თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, როგორც ერთის მხრივ საქართველოსა და აფხაზეთს, ისე მეორეს მხრივ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ მზადაა ამ პროექტ-ხელშეკრულების განხილვისათვის, მაგრამ ეს ხელშეკრულება შეიძლება გაფორმებული იყოს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის. რადგან კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი.