თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ზილფიმიანის განცხადებას ეხმიანება, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"2012 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს ,,პირველი სტერეოს" პარტნიორმა ვასილ კობაიძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. განმცხადებელი ითხოვდა დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებას, რათა თავიდან აცილებულიყო ქონების მოსალოდნელი გასხვისება.
მიზანშეწონილია, ყურადღება გამახვილდეს კანონით დადგენილ პროცედურაზე: უპირველეს ყოვლისა გასათვალიწინებელია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილია განვითარებული ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო განიხილავს ყოველდღიურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილება მისი შემოტანიდან 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ქონების მოსალოდნელი გასხვისების თავიდან აცილება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას. საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, ყადაღის დადებისას სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლოა, დაბრკოლდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან მოვალე გაასხვისებს ან გადამალავს თავის ქონებას. 2012 წლის 12 მაისის განჩინებაში მითითებული სიტყვა ,,ვარაუდი" სრულ კონტექსტში, სწორედ ამ მნიშვნელობით არის გამოყენებული.
ვასილ კობაიძის განცხადება სასამართლომ განიხილა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებების განხილვა არ ითვალისწინებს სასამართლო პროცესის ჩატარებას და არც ამ შემთხვევაში ჩატარებულა. სასამართლომ ვასილ კობაიძის განცხადებაზე იმსჯელა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც თვით განჩინების დასაწყისშივე ნათლად არის მითითებული. გარდა ამისა, განჩინება მიღებულია განცხადების შემოტანიდან მეორე დღეს - 12 მაისს კანონით დადგენილ 1-დღიან ვადაში.
2012 წლის 12 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს ,,ტელეკომპანია პირველი სტერეო"-ში და შპს ,,სტერეო+"-ში. ეს არის არა ტელეკომპანია "პირველი სტერეო"-ს ან "სტერეო+"-ის ქონება, არამედ - დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი. მოცემულ დავაში მოპასუხეა დავით ზილფიმიანი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს სწორედ მისი ქონებიდან, ხოლო თუ დავა მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყდება, კანონის თანახმად, ყადაღა უქმდება.
საყურადღებოა ასევე, რომ სასამართლოს აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. თუ მოპასუხე არ ეთანხმება გამოყენებულ უზრუნველყოფას, კანონით მას ენიჭება უფლება 5-დღიან ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამისი მოტივაციით. ამ შემთხვევაში მოპასუხეს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია. ნაცვლად ამისა, მხარემ საჯაროდ შეურაწყოფა მიაყენა სასამართლოს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ სასამართლოს შეურაწყოფით წარმატებას და სასურველ გადაწყვეტილებას ვერავინ მიაღწია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა პრეტენზიების განხილვა უნდა მოხდეს სასამართლო განხილვის გზით. ამასთავანე, სასამართლო მოუწოდებს საზოგადოებას (მხარეებს) სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთებას, რადგან თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება".