დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ქალაქ რუსთავში დამისამართების პროექტის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს ქალაქ რუსთავში დამისამართების პროექტის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ გურგენიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის დამისამართების პროექტის პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო საუკუნის პროექტის განხორციელებას ახლა უკვე რუსთავში იწყებს. სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდება. პროექტის ფარგლებში აღიწერება რუსთავში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრება ყველა სახლი და ბინა. შეგროვდება ქალაქში არსებული ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია: განისაზღვრება თითოეული ქუჩის დასაწყისი და დასასრული, აღიწერება არსებული ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები თუ სკვერები, დადგინდება ქუჩების მიმართულება; შეგროვდება ინფორმაცია ყველა ტიპის, მათ შორის, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობებზე;
მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს.
რუსთავის დამისამართების პროექტში ტექნიკურ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეტრი" შეასრულებს.
იუსტიციის სამინისტრო თითქმის მეორე წელია აქტიურად მუშაობს სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება.
დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო და სამოქალალქო რეესტრების ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.