ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია მიუღებლად მიიჩნევს, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის დაკანონებას. ამის შესახებ საია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში საუბრობს.
საიას განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებით, მას შესაძლებლობა ეძლევა არჩეულ იყოს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე და შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის საშუალებაც მიეცემა.
"მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის გზით სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ან უშიშროების თანამშრომელს, შეხება ექნება ისეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, რომელთან წვდომა თვით საქართველოს მოქალაქესაც კი არა აქვს. ეს უკანასკნელი ქმნის იმ სახელმწიფოს მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევის საფრთხეს, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს პოლიტიკური უფლებების მქონე უცხოელი. ეს საფრთხე არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ვინაიდან პირი, რომელიც ჩადგება თავისი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ან უშიშროების სამსახურში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას და მასთან ერთად პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებასაც. გაუგებარია, თუკი ევროკავშირის მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია და ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ჩადგა თავისი მოქალაქეობრივი სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, როგორ იქნება დაცული საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოება? ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის მოქალაქეობის სახელმწიფოსთან, რომლის მიმართაც მას შესაძლოა გააჩნდეს განსაზღვრული ტიპის ვალდებულებები და იქცეს ინსტრუმენტად თავისი სახელმწიფოს ინტერესების საქართველოში გასატარებლად", - ნათქვამია საიას დასკვნაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და 10 წელი მაინც უცხოვრია აქ, არჩევნებში კენჭისყრის უფლება ეძლევა. აღნიშნული ნორმა მხოლოდ სამ წელიწადს იმოქმედებს.