რუსეთი, რეალურად, ბრძოლის ველზე არ იმარჯვებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა კიევში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„იმარჯვებს თუ არა რუსეთი? ეს შესანიშნავი შეკითხვაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეკითხვა დაახლოებით ექვსი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დამისვა. იგივე შეკითხვა. და მე მტკიცედ ვუპასუხე: „ბატონო პრეზიდენტო, მხოლოდ მე არ მომისმინთ. თქვენი გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, დენ კეინი, გარეთ გელოდებათ. ის ავტომობილთან დგას. მოიწვიეთ იგი, ჰკითხეთ ამის შესახებ. ის თქვენი მთავარი სამხედრო მრჩეველია“, - აღნიშნა კელოგმა.
მან აღნიშნა, რომ მანაც და კეინმაც ტრამპს ერთი და იგივე უთხრეს - რუსეთის გამარჯვებაზე საუბარი არ ყოფილა.
„დენმაც იგივე თქვა. ისინი [რუსები] იმარჯვებენ? არა. ისინი არ იმარჯვებენ. პუტინს კი შეუძლია ილაპარაკოს, რამდენიც უნდა, რომ ის იმარჯვებს,“ - განაცხადა კელოგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალურად, რუსეთი ამ ომს აგებს.
„პუტინს რომ გაემარჯვა, ის კიევში, დნიპროს დასავლეთით, ოდესაში იქნებოდა და მთავრობას შეცვლიდა. რეალურად, რუსეთი ამ ომს აგებს“, - განაცხადა კიტ კელოგმა.