დღეს, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები, აჭარის ტელეკომპანია "25-ე არხის~ მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. ჟურნალისტები ტელეკომპანიისთვის დაკისრებული იმ ვალების ჩამოწერას ითხოვენ, რომელიც "25-ე არხს~ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დააკისრეს.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის, ია მამალაძის განცხადებით, აქციის ლოზუნგი იქნება "თავისუფლება სიტყვას~, რადგან სხვადასხვა სახის ზემოქმედებას ტელევიზიებთან ერთად გაზეთებიც განიცდიან. მისი თქმით, ხვალინდელი აქცია გამაფრთხილებელი იქნება.
აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტების პროტესტს უფრო მასშტაბური სახე მიეცეს. დაზუსტებული ინფორმაციით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ამავე დღეს, ტელეკომპანია "25-ე არხის~ მხარდასაჭერად აქციები გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლილშიც, მოგვიანებით კი, 29 ოქტომბერს, ევროსამიტის დროს, ბრიუსელში. უცხოელ ჟურნალისტებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყველა შეხვედრასა და პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის ნიშნად, მკერდზე აჭარის ტელეკომპანია "25-ე არხის~ ლოგო ექნებათ მიმაგრებული.