თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკლესიების ქურდობაში ბრალდებული ზურაბ ზურაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მას განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 12 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზურაბ ზურაბიშვილმა 2010-2011 წლებში საქართველოს სახვადასხვა ქალაქებში მდებარე ეკლესიებიდან ხატები და ჯვრები მოიპარა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი სარგებლობდა ვითარებით, როდესაც ტაძარში არავინ იმყოფებოდა, რა დროსაც ფარულად ეუფლებოდა სხვადასხვა სიწმინდეს. ამ გზით, მან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა: წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიიდან - მაცხოვრის ხატი, ილია მართლის სახელობის ეკლესიის საკურთხევლიდან - ალექსანდრე ნეველისა და მარიამ ეგვიპტელის ხატი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან - ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ა.შ.
სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებული იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებით, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.