საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში10 მაისს კიევში ევროპელი ლიდერების ერთობლივი ვიზიტის კადრები გამოაქვეყნა, მათ შორის, ვაშინგტონის დროით დილის 6 საათზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი.
კადრში ჩანს თუ როგორ მოაწყო მაკრონმა ტრამპთან სატელეფონო ზარი ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის შორის მარიინსკის სასახლეში გამართული საუბრის დროს.
„სალამი, დონალდ. შემიძლია ორ წუთში ზელენსკისთან ერთად დაგიკავშირდე? ... მაშინ ორ წუთში ყველასთან ერთად დაგირეკავ“, - ამბობს მაკრონი.
„უთხარით მათ, რომ ტრამპთან შევთანხმდით. შეგვიძლია ახლავე დავურეკოთ. მისთვის დილის 6 საათია“, - ამბობს მაკრონი ამის შემდეგ.
„ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ორშაბათს ამოქმედდება, რათა დავიწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ევროპელები და ამერიკელები მოამზადებენ და კოორდინაციას გაუწევენ ფართომასშტაბიან სანქციებს“, - ისმის აუდიოჩანაწერში.
ასევე ვიდეოში მაკრონი აღნიშნავს, რომ „ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების ბედი ახლა კიევში წყდება“.
შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.