ბათუმის საახალწლო ღამის შესახებ ლეგენდები და ტყუილები უკვე ერთმანეთში ირევა. მაშ ასე, სკეპტიკოსები _ ვის რაში ჭირდება ამათი კონცერტები. ჯობდა გაჭირვებულებისთვის და პენსიონერებისთვის საახაწლოდ ზედმეტი 20 ლარი დაერიგებინათ და ხალხი თავად გადაწყვეტდა რა ეჭამა, რა ენახა, რა მოესმინა და ვის დაკრულზე ეცეკვა. ოპტიმისტები _ ახალი წლის აღნიშვნა სწორედ რომ საოპერო პომპეზურობით, საუკეთესო გამოსავალია ხალხის განწყობის ასამაღლებლად და ნაომარი ქვეყნის სტრესიდან გამოსაყვანად... ასე ვთქვათ, მტრის ჯინაზე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა საახალწლო გამოსვლაში.
მკაცრი და დაუნდობელი პროზისა და ლირიკულ-სანახაობრივი პოეზიის დაპირისპირება არც ახალია და არც პირველი. უბრალოდ კანონმორჩილი თუ დაბეჩავებული გადამხდელის დაჭიმული ნერვები და საკონცერტოდ მომართული ხელისუფლების მხარდამჭერთა ჩიტირეკული აღტაცება აცდენილი წრფეებივითაა და ვერაფრით კვეთენ ერთმანეთს (მეტი რომ არა ვთქვათ). მაგრამ ეს სხვა, "სოციალური ოპერიდანაა" და უკეთესია აღარ ჩავუღრმავდეთ.
ელექტრომედიისგან განსხვავებით, რომელიც ჭრელი გემოვნების ფერად შოუებს ახალი წლის დღეებში სერიალებივით გადასცემდა, სერიოზული ამბები ატყდა ბეჭდურ მედიაში. პრეზიდენტის მიერ დასახალებულ "მხოლოდ ორ მილიონ ლარს", რომელიც თურმე საახალწლო შოუში გადახადა ხელისუფლებამ, პრესა დაახლოებით ხუთზე და ათზე ამრავლებს და ოდნავ აპოკალიფსურ და უფრო მეტად ეკონომიკური კრიზისისა და დეპრესის პირქუშ სურათს ხატავს. თუმცა გარე და შინა საფრთხობელების ძიებაში გავარჯიშებულ პრესას თუ სხვის დანახად ვერჩამოშლილ ხელისუფლებას საამაყო ამჯერად მართლა ჰქგონდა _ ქართველი საოპერო ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით მართლაც აალაპარაკეს მსოფლიო.
ბათუმში თითქმის "საქორწინო გენერლად" მოვლინებულ მსოფლიო ტენორს - 65 წლის ხოსე კარერასს ისეთი თვალისდამაბრმავებელი და ხმის დამხშობი ქართველი ქალები უმშვენებდენენ გვერდს, რომ იფიქრებდით სილამაზისა და ვოკალის კონკურსი ერთდროულად იმართებოდა. ერთ_ერთი მათგანი საოცარი სილამაზითა და დახვეწილი ვოკალური მონაცემებით გამორჩეული ნინო მაჩაიძე იყო, რომელიც გასულ წელს ზალცბურგის საოპერო ფესტივალის მთავარი პერსონა გახდა. მან კაპრიზული რუსი პრიმადონა ანა ნეტრებკო შეცვალა, რომელიც სექტემბერში შვილს ელოდებოდა და უკვე გაზაფხულზე უარი თქვა ჯულიეტას პარტიაზე. სამაგიეროდ, შარლ გუნოს ოპერაში "რომეო და ჯულიეტა", დიდი ვნებით და გულწფეობით იმღერა სწორედ ქართველმა სოპრანომ ნინო მაჩაიძემ, რომლის დებიუტი ზალცბურგის მთავარ საფესტივალო დარბაზში ვარკვლავის დაბადებას ჰგავდა... ისევე როგორც ახალახან, დეკემბერში, "ლა სკალას"'სეზონის გახსნაზე გაიბრწყინა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა.
25 წლის ნიჭიერ მომღერალს სახელოვანი დირიჟორი, დანიელ ბარენბოიმი და ცნობილი თეატრალური რეჟისორი ემა დანტე დიდ ვოკალურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სწორედ მათი "დახმარებით" შეასრულა კარმენის პარტია ანიტა რაჭველიშვილმა, რომლის დებიუტსაც სახელგანთქმულ "სკალას" სცენაზე მსოფლიო პრესა გამოეხმაურა. დასანანია, რომ პუბლიკამ იგი ბათუმში, საახალწლო კონცერტზე ვერ მოისმინა. თუმცა ქართველ მეცო-სოპრანოს დიდი გეგმები აქვს და იქნებ მომდევნო ახალი წელი (სწორედ ბათუმში) ანიტას ტრიუმფის წლად იქცეს.
სამაგიეროდ ბათუმში კარმენის `სეგიდილიას" ვნებით და არტისტულად მღეროდა კიდევ ერთი ქართველი მეცო-სოპრანო, მილანის "ლა სკალას" და ჩიკაგოს "ლირიკ ოპერის" სოლისტი ნინო სურგულაძე. სახელოვანი მაესტრო რიკარდო მუტი მას "დიდი არტისტული ტემპერანტით დამუხტულ მომღერალს" უწოდებს. ულამაზეს წითელ კაბაში გამოწყობილი მომღერალი არაფრით ჩამოუვარდებოდა არც ილუმინაციით განებივრებულ პოპ-დივებს და არც ჰილივუდის ვარკვლავებს. არანაკლებ ბრწყინავდა სოხუმელი სოპრანო მარიკა გულორდავა, რომლის ძლიერი, ლირიკული ხმა და მომხიბვლელეობა სათანადოდ დააფასა თვით მონსერატ კაბალემ.
...ბათუმის ევროპის მოედანზე ვარსკვლავთცვენა დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა. უმშენიერეს და ნიჭიერ ქალბატონებს შორის სოფო ნიჟარაძეც უნდა მოვიხსენიოთ, რომლის ფაქიზი, ლირიკული სოპრანო და მართლაც მომაჯადოებელი გარეგნობა (ცოტათი ნატალი პორტმანს მიამსგავსეს კიდეც) ნამდვილად უხდებოდა ენდრიუ ლოიდ-ვებერის მიუზიკლს "ოპერის ფანტომი" და ლეონარდ ბერნსტაინის ისტორულ "ვესტსაიდის ისტორიასაც". მისი გამოსვლა ხოსე კარერასთან მართლაც ამაღელვებელი და განსაკუთრებული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ სახელოვან ესპანელ ტენორს ეს დუეტი მრავალ ცნობილ მომღერალთან აქვს ჩაწერილი სტუდიაში და შესრულებეული სახელგანთქმულ საკონცერტო სცენაზე.
"მეტროპოლიტენ ოპერას" სოლისტის, გია გაგნიძის (ბანი) მიერ ხალხური სიმღერის ტრადიციითა და ენერგიითა შესრულებული ცანგალას კუპლეტები "დაისიდან"; სახელოვანი ბარიტონის, ბერლინის "დოიჩე ოპერას" და ვენის "შტატსოპერის" სოლიტის, ლადო ათანელის იტალიური შარმი, ერთგვარი საზეიმო ხმიანობა და კლასიკური "საოპერო გარეგნობა" უბერებელი და ვნებიანი ზურაბ სოტკლავას მეგრული სიმღერა მხოლოდ გენდერულ ბალანსს, თუ საახალწლო კონცერტის დიაპაზონის გაგრძელებას არ ნიშნავდა. ისევე როგორც, ნინო ანანიაშვილისთვის დადგმული სპეციალური ნომერი კორდებალეტის თანხლებით, ან უკვე ევროპაში აღიარებული მევიოლინის _ ლიზა ბათიაშვილის მიერ შესრულებული სენ-სანსის "რონდო კაპრიჩიო". (ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის დისკებსა და ფოტოებს ევროპის თითქმის ყველა მსხვილ მუსიკალურ ცენტრებსა თუ მაღაზიაში წააწყდებით. ხოლო გერმანიის რადიოახები მის ჩანაწერებს ყოველდღე გადასცემენ).
ასე, რომ ბათუმური "კლასიკური მარიაჟი" (ერთი ჩემი კოლეგის ტერმინია!) ქართული კულტურის ნამდვილი და სწორდაც რომ ძვირადღირებული ზეიმი აღმოჩნდა, რომლის სულისჩამდგმელი და რეჟისორი ლაშა ონიანი ჩვენი კულტურული არქეტიპის და ტრადიციის ნაწილია. მერე რა რომ, ჯერ მხოლოდ ცნობილ სტადიონებსა და დიდი მოედნებზე.
ბათუმში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი სანახაობა შეიძლება ვინმესთვის გადაყრილ ფულს ნიშნავს, ჩემთვის კი ჩვენს დიდ კულტურასთან იდენტობას. და რაც მთავარია, მის მსოფლიო რეზონანსს. თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ პენსიონერებს იცი კი არა, ოცჯერ ოც ლარზე მეტი ეკუთვნით და ეს კამათი პროზა-პოეზიისა და ლირიკა-ფიზიკის დაპირისპირების შესახებ, სინამვილეში მხოლოდ ხელოვნური სპეკულაციაა. ვერ გეტყვით, ბედის ირონიაა თუ უახლესი ბედკრული ისტორიის დამცინავი გამოძახილი, მაგრამ ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მართალი იყო - "კულტურა გადაარჩენს საქართველოს". ასე, რომ არჩევანი თქვენზეა. გინდ საახალწლო-საოპერო ბრწყინვალება დაიჯერეთ და გინდ სოციალური მითების ელვარე სიღატაკე.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე