დღეს ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლო საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ მოქალაქეს განაჩენს გამოუტანს. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე აბოევმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ყაზბეგის რაიონის დასახლებული პუნქტის, სოფელ ყაზბეგის მკვიდრი 1954 წელს დაბადებული ყუშაშვილი ბადრი დიმიტრის ძე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კანონმდებლობის 275 მუხლითაა ბრალდებული "სახელმწიფო ღალატი ჯაშუშობით" _ მაქსიმალური სასჯელი ამ მუხლის მიხედვით 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მას ბრალი ედება იმაში, რომ იყო რა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, იგი გადაიბირეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურებმა და 2007 წლის ივლისიდან 2008 ივნისამდე ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ეს ინფორმაცია კი სახელმწიფო საიდუმლოა", _ აცხადებს აბოევი.
მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის დროს ყუშაშვილი ასევე მუშაობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტის მშენებლობის სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის ერთ ერთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
"ამ დროისათვის მოპოვებული მასალებისა და უტყუარი მტკიცებულებების გამო ყუშაშვილმა თავისი დანაშაული სრულად აღიარა", _ განაცხადა მოსამართალემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ხოლო სასამართლო კოლეგიის რაოდენობა სამ ადამიანს შეადგენდა.
"ამ დონის სახელმწიფო დანაშაული მხოლოდ კოლეგიალურად განიხილება", _ განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ მედიას სასამართლო დარბაზში მხოლოდ განაჩენის გამოცხადებისას შეუშვებენ.
მოსამართლე აბოევმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე საქარველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ოთხი საქმის სასამართლო განხილვა მიდის.
შეგახსნებთ, რომ ჩრდილო ოსეთის სასამართლომ 2009 წლის სექტემბერში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის მუხლით ალექსანდრე ხაჩიროვი გაასამართლა და მას მკაცრი რეჟიმის კლონიაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები