"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ედპ-ის წევრმა გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, აუცილებელია პრემიერმა მთავრობის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე წარმოადგინოს.
"აღნიშნული ინიციატივის საფუძველი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილი სერიოზული პრობლემები გახდა. სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც დაემატა, რაც დამაფიქრებელია საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის კუთხითაც", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა პარლამენტს მთავრობის ხედვა წარუდგინოს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწვეტილება, "რა არის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შესაცვლელი".
"ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეერთებული შტატებისადმი გაგზავნილი პოზიტიური მესიჯი, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად", - აღნიშნა დეპუტატმა.