საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში გარკვეულ საკითხებს არ ეთანხმება.
"ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა და კრიტიკაც ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს, თუმცა დოკუმენტში არის ნაწილები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს, თუმცა კონკრეტული საკითხები, რაშიც თბილისისა და ვაშინგტონის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, არ დაუკონკრეტებია. მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ის განმარტა, რომ ანგარიში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად უფრო კრიტიკულია, ვიდრე საქართველოსადმი.
ამასთან, კალანდაძის თქმით, ანგარიში მხოლოდ კრიტიკულ შეფასებას არ შეიცავს და ის საქართველოში რიგი მიმართულებით მიღწეულ "მთელ წილ პროგრესსაც ასახავს".
"ანგარიშში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასში მკაფიოდაა ხაზგასმული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ის, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ აუცილებელია ამ რეგიონებში მოხდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვება", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით მასში ნათქვამია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა, მათ შორის, პატიმრებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემთხვევებში. გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.