დღეს, 11 აპრილს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სესიაზე საქართველოს შესახებ მომზადებული ორი რეზოლუციის განხილვა მოხდება.
"პირველი დოკუმენტი აგვისტოს ომის შემდეგ ჰიმანიტარული საკითხების შეფასებას შეეხება, მეორე კი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება-არშესრულების საკითხს. იმედია, ევროსაბჭო მკაცრად დააყენებს მოთხოვნას, რომ მოსკოვმა მის მიერ მიღებული რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს", - განმარტა კალანდაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სესიაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 15 აპრილს დაიხურება.