ოფიციალური თბილისი ისრაელის მიერ საშიში ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანას არ ადასტურებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ისრაელის წარმომადგენლობაში უარყვეს.
"ეს ინფორმაცია მედიით გავრცელდა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით საქართველოში ისრაელის წარმომადგენლობას, სადაც ისრაელის მიერ საქართველოს საშიში ქვეყანათა სიაში შეყვანა ამ ეტაპზე არ დაადასტურეს, თუმცა დაგვპირდნენ, რომ მას გადაამოწმებდნენ", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე "სპეკულაციად" აფასებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ქართველი სამართალდამცავების მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო შესაძლოა დაიძაბოს და ამტკიცებს, რომ ოფიციალური თელავივი აღნიშნულს კატეგორიულად გამორიცხავს.
"ოფიციალური ისრაელი კატეგორიულად არ ადასტურებს სპეკულაციას იმის თაობაზე, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას შესაძლოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
გარდა ამისა, მან ისიც განმარტა, რომ ზოგადად რომელი ქვეყნის საშიშ სახელმწიფოთა ნუსხაში შეყვანა ბევრი კომპონენტის, მათ შორის სავიზო, საბაჟო და მისი მეზობელი ქვეყნების გათვალისწინებითაც კი ხდება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ საქართველოს საშიშ ქვეყანათა ნუსხაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავად ისრაელის მედიამ გაავრცელა.