პოლონეთის პრეზიდენტი სმოლენსკის მემორიალთან დაკავშირებულ გაუგებრობას გამოეხმაურება
რუსეთში დღეს პოლონეთის პრეზიდენტს ელოდებიან. ბრონისლავ კომოროვსკი დიმიტრი მედვედევს შეხვდება და მასთან ერთად პოლონეთის ტრაგედიის ადგილს მოინახულებს. წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთის პირველიPპირი რუს კოლეგასთან შეხვედრისას მემორიალთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
რუსულმა მხარემ პოლონელებთან შეუთანხმებლად სმოლენსკში მემორიალური დაფა შეცვალა. წარწერები პოლონურის ნაცვლად რუსულ ენაზე გააკეთეს. აქამდე დაფაზე ეწერა, რომ პოლონური დელეგაციის წევრები კატინის გენოციდისას დაღუპულთა საპატივსაცემოდ მიდიოდნენ, ახალ წარწერაში კი სიტყვა "გენოციდი" ამოღებულია.
პოლონური მედია წერს, რომ პროტესტის ნიშნად, შესაძლოა, კომოროვსკიმ მემორიალი ყვავილებით არ შეამკოს. თუმცა ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება. მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთეს რუსეთში. კრემლში ამბობენ, რომ პოლონური მხარე სკანდალის აგორებას ცდილობს, წარწერა კი მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ რუსეთში სახელმწიფო ენა რუსულია.
ცნობისთვის, გასულ საღამოს კომოროვსკიმ დაღუპულთა ხსოვნას პოლონეთში პატივი მიაგო. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა ლეხ კაჩინსკის ტყუპ ძმას არ მიუღია. იაროსლოვ კაჩინსკიმ ყვავილები სმოლენსკში დაღუპულთა მემორიალთან დააწყო.