კოსოვოს ახალი პრეზიდენტი მანდილოსანი ატიფეტა იახიაგა გახდა, რომელსაც თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, პრიშტინაში ხმის მიცემის დროს მის კანდიდატურას პარლამენტის 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატმა კი სხვა კანდიდატურის_სუზან ნოვობრდალის სასარგებლოდ მისცა ხმა. დანარჩენმა 10-მა ადამიანმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
პრეზიდენტის პოსტზე იახიაგას კანდიდატურის წამოყენების გადაწყვეტილება ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრ ხაშიმ ტაჩის, კოსოვოს დემოკრატიული პარტიის კავშირის თავმჯდომარის ისა მუსტაფას, ყოფილ პრეზიდენტ ბეჯეტ პაკოლისა და აშშ-ის ელჩ ქრისტოფერ დელისთან ერთად მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, იახიაგა კოსოვოს პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდება.
ამასთან, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სერბეთის მხარეში უახლოეს ხანში საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდება, რომლის ძალითაც პრეზიდენტს პირდაპირი ხმის მიცემის წესით აირჩევენ.
პრემიერ-მინისტრ ტაჩის თქმით, ამით კოსოვოში ახალი პოლიტიკური კრიზისისგან თავის დაღწევა მოახერხეს.
"ის, რაც გუშინ განუხორციელებელი ჩანდა, დღეს ქვეყნის საკეთილდღეოდ კერძო ინტერესთა გაერთიანების ხარჯზე შესაძლებელი გახდა",_აღნიშნა კოსოვოს პრემიერმა.
მისი თქმით, უახლოეს ხანში საკონსტიტუცი რეფორმასთან დაკავშირებით კომიტეტი ჩამოყალიბდება, რათა ხალხმა და_ არა პარლამენტმა პირდაპირი გზით აირჩიოს პრეზიდენტი.
"სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევნები კონსტიტუციის შეცვლიდან ექვსი თვის შემდეგ ჩატარდება,"_აღნიშნა ტაჩიმ.
ამდენად, იახიაგას უფლებამოსილება 6-დან 9 თვემდე გასტანს.
შეგახსენებთ, კოსოვოს წინა პრეზიდენტმა ბეჯეტ პაკოლიმ ოთხშაბათ საღამოს განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აღარ აპირებდა. ამის მიუხედავად, მმართველი კოალიცია ხელისუფლებაში დარჩებოდა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ პაკოლიმ საკუთარი პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც რეგონის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი არჩევა უკანონოდ მიიჩნია.
2008 წელს კოსოვომ ცალმხრივი წესით სერბეთისგან დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ ეს სახელმწიფო 69 ქვეყანამ ცნო, მათ შორის_აშშ-მაც.