სომეხი ჟურნალისტი გრანტ-მელიკ შაჰნაზარიანი საქართველოს პრეზიდენტის სომხერტში ვიზტიტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ვიზიტი მოულოდნელი იყო და ეს მოწმობს ახალი პრობლემის არსებობას, რომლის გადაწყვეტა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთქმედებას საჭიროებს.
"ოფიციალურად ქვეყნის მეთაურის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც მოწმობს იმას, რომ სააკაშვილის მიერ სომხეთში ჩასვლის გადაწყვეტილება მცირე ხნის წინ იყო მიღებული... თავის მხრივ, ეს მოწმობს ახალი პრობლემის არსებობას, რომლის გადაწყვეტა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთქმედებას საჭიროებს. ორივე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურების პრესსამსახურები ვიზიტის დღის წესრიგს არ ახმოვანებენ, ასევე არ კონკრეტდება ის საკითხები, რომლებზეც აპირებს მსჯელობას საქართველოს პრეზიდენტი თავის სომეხ კოლეგასთან", _ აღნიშნავს სტატიის ავტორი და მის მიერ რამდნიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიას იხსენებს.
"ჩემს ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით - "საქართველო ახალი როლის მორგებას ცდილობს", ვწერდი, რომ ოფიციალურ თბილისს აქვს სურვილი გაააქტიუროს რეგიონალური პოლიტიკა. რეგიონალურ პოლიტიკურ პროცესებში ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეულ საქართველოს მწვავედ სჭირდება ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ მისი "მნიშვნელობის" ამაღლებას დასავლური საზოგადოების თვალში.
სწორედ ამიტომაც ოფიციალური თბილისი ცდილობს თავისი თავი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გამაერთიანებლად წარმოადგინოს. ამისათვის კი საქართველომ ჯერ თავისი პრობლემები უნდა გადაწყვიტოს მეზობელ სახელმწიფოებთან", _ წერს სომეხი ჟურნალისტი გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი.
მისივე სტატიის მიხედვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სომხეთსა და საქართველოს შორის უმნიშვნელოვანესი პრობლემები დაგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლება გამუდმებით ამტკიცებს ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის არსებობას, სინამდვილეში ამ ორი ქვეყნის საზოგადოება ერთმანეთს საერთოდ არ ენდობა.
"ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ქართველები სომხეთს ერთ-ერთ ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევენ. ქართველებისათვის ყველაზე არასაყვარელ ქვეყნად რუსეთის შემდეგ სომხეთია დასახელებული. ეს სრულიად არაბუნებრივად გამოიყურება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის არ მომხდარა არავითარი სერიოზული პოლიტიკური ძვრა ან სხვა ექსცესი. ალბათ, ამ ფენომენის ერთადერთი ახსნა არის საქართველოს შოვინისტური ხელისუფლებები, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს და ქვეყნის მონოეთნიზაციის პოლიტიკას ახორციელებდნენ", _ წერს სომხური მედია და იქვე აგრძელებს: "საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რომელიც რესპუბლიკაში მაცხოვრებელი სომხების წინააღმდეგ არის მიმართული ამჟამადაც გრძელდება. ამ გაგებით, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ერევანში - ხელსაყრელი საბაბია ორ ქვეყანას შორის დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად".
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ თავის სტატიაში გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს სამცხე-ჯავახეთს სომხეთის მხარედ - სამცხე-ჯავახკად მოიხსენიებს.
"ორი ქვეყნის პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში უნდა იდგეს საკითხი სამცხე-ჯავახკის სომხური რეგიონის შესახებ. ეს მხარე ორმხრივი ურთიერთობების შეფასების საუკეთესო ინდიკატორია. ერთგვარი ხიდია საქართველოსა და სომხეთს შორის, რომელსაც შეუძლია ეს ორი ქვეყანა როგორც დააკავშიროს, ისე დააშოროს ერთმანეთს.
დღეს სომხურ მხარე სამცხე-ჯავახკში რიგი პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური პრობლემა დგას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად გაანადგურა ჯავახკის პოლიტიკური ცხოვრება.
ფაქტობრივად ყველა ადგილობრივი აქტივისტი ან დაპატიმრებულია ან იძულებულია დატოვოს ეს სომხური მხარე. ჯავახკში დარჩენილი სომხების ლიდერები კი საქართველოს სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას თავისი თანამემამულეების ინტერესები წარმოადგინონ როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მოედნებზე", _ წერს გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი.
ამავე სტატიის მიხედვით, - "დაახლოებით იგივე სიტუაციაა სომხური ეკლესიის სასულიერო პირების მიმართებაში დედაქალაქ თბილისში. საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს მიანიჭოს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას იურიდიული სტატუსი და გამუდმებით დავობენ ამა თუ იმ ეკლესიის სომეხი ხალხის კუთვნილებაზე", _ წერს გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი და ყოველივე ამაში სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ადანაშაულებს.
"ოფიციალური თბილისის ამგვარ პოლიტიკას ხელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი ილია მეორე აწერს, უკვე ერთ წელზე მეტია, სხვა და სხვა მიზეზით იგი უარს აცხადებს მიიღოს სომეხთა კათოლიკოსი საქართველოში", _ წერს გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი და განათლების პრობლემაზე აგრძელებს საუბარს.
"სომხურ რეგიონ სამცხე-ჯავახეთში არ არის სომხური სასწავლებლები, სკოლებში კი თბილისში მომზადებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ. საქართველოს განათლების სამინისტრო ეწინააღმდეგება სომხური ენისა და ისტორიის მასწავლებლების გადამზადებას სომხეთში. ხოლო ის მასწავლებლები, რომლებმაც მაინც მოახერხეს და გადამზადება სომხეთში გაიარეს საქართველოს სპეცსამსახურებში გადიან დაკითხვას", _ წერს გრანტ- მელიკ შაჰნაზარიანი.
მასალის გამოყენების პირობები