რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთება მძიმე დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას და ასევე საქართველოს დააკარგვინებს სავაჭრო პრეფერენციებს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნიდა იმ ნათესავებს შორის ურთიერთობას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ — მათ ერთმანეთის მონახულების შესაძლებლობა შეეზღუდებოდათ. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევდა ჩვენი ქვეყნის მიმართ ენერგეტიკულ ემბარგოსთან შეერთება“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო მიმწოდებელია.
ზახაროვამ ასევე დაამატა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო დაკარგავს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან პრეფერენციულ სავაჭრო რეჟიმს, რომელიც მისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია.