რუსეთში კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს პორტში, ნავთობის ტერმინალის რამდენიმე ობიექტზე დარტყმები უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა მიიტანეს.
ინფორმაციას უკრაინის სპეცოპერაციების ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოპერაცია განხორციელდა უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად.
დარტყმის ობიექტი ნავთობის ტერმინალი ეკუთვნის რუსულ კომპანია „როსნეფტს“ და წარმოადგენს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაწილს. საწარმო აწარმოებს ბენზინს, დიზელს, მაზუთს და ნავთობქიმიისთვის საჭირო ნედლეულს, როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის.
უკრაინული დრონების შედეგად დაზიანდა ღრმა წყლის ნავთობის ჩასატვირთი მოწყობილობები, მილსადენები, ასევე საზღვაო ტერმინალისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეზერვუარები. ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
„მტრის საზღვაო და ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება ამცირებს მის ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს, ასევე ართულებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას და ბიუჯეტის შევსებას,“ - აღნიშნულია სპეცოპერაციების ძალების პრესსამსახურის განცხადებაში.