სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების და ევროპის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დაახლოებით ექვსი თვე იქნება საჭირო, მათივე თქმით, მხარეებმა ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უნდა გააგრძელონ .
ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, ქვეყნების ლიდერებს სურთ, რომ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნას ენერგორესურსების მიწოდების აღსადგენად. ისინი კერძო საუბრებში აფრთხილებენ, რომ თუ ეს შემდეგ თვემდე არ მოხდება, შეიძლება დაიწყოს გლობალური სასურსათო კრიზისი.
წყაროები აღნიშნავენ, რომ თუ ომი გაგრძელდება, ენერგომატარებლების ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
სპარსეთის ყურის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და მათი შეფასებით, ეს პოზიცია არ შეცვლილა მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის დაბომბვების შემდეგ.
ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ირანისთვის ურანის გამდიდრების აკრძალვას და ასევე შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების ქონაზე შეზღუდვას.
თუმცა, წყაროების თქმით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერები ძირითადად წინააღმდეგნი არიან საბრძოლო მოქმედებების განახლების და სურთ, რომ აშშ-მა ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებები გააგრძელოს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება.