პარასკევს, 10 იანვარს ნიუ იორკის სასამართლომ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაჩენი გამოაცხადა.
სასჯელის სახით მას განესაზღვრა „უპირობო გათავისუფლება“, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო დანაშაულში, მაგრამ არასწორად მიიჩნია მისთვის ჯარიმის, პირობითი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთა.
ამგვარად, დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი.
"წარმატებებს გისურვებთ მეორე ვადის დაწყებისას", - თქვა მოსამართლემ ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანისას.
მოსამართლემ დასძინა, რომ სასჯელი, რომელიც მან ტრამპს დაუწესა, "იქნება ერთადერთი იურიდიული სასჯელი, რომელიც არ ხელყოფს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას".
როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სასჯელი ყველაზე ლმობიერი იყო.
ტრამპი სასამართლოში ადვოკატთან ერთად ონლაინ ჩაერთო. მან სიტყვა აიღო პირველად მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში.
მან წარმოადგინა თავისი თვალსაზრისი საბრალდებო დასკვნის თითოეულ პუნქტზე და სასამართლოში წარმოდგენილ თითოეულ ფაქტზე.
საერთო ჯამში, ტრამპმა თქვა, რომ მთელი პროცესი მისთვის საშინელი გამოცდილება იყო.
ის დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მისი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის თავიდან აცილების მიზნით დაიწყო.
10 დღეში ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.
სასამართლოს გარეთ ტრამპმა რეპორტიორებთან კომენტარი გააკეთა, ვერდიქტს "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ სასამართლო გაყალბებული იყო. მისივე თქმით, ის უდანაშაულოა.
„არაფერი დაგვიშავებია. უდანაშაულო ადამიანი ვარ. ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს. მთელი ჩვენი ქვეყანა ახლა გაყალბებულია. ეს გაკეთდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა მაისში.
დენიელსის მტკიცებით, ტრამპთან სექსუალური კავშირის დამალვისთვის 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიისას ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატისგან 130 000 დოლარი მიიღო. ტრამპი უარყოფდა დენიელსთან რამე სექსუალურ კავშირს.
საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო.