თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო დღეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის საქმეებს.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა და დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა 5 მარტამდე გადადო.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.