აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, აპირებს ახალი სანქციები დაუწესოს რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი სანქციები დაუწესდება რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალ ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს, რომლებიც ნავთობს დასავლეთის მიერ დადგენილ ფასზე ძვირად ჰყიდიან.
დასავლეთის მიერ მაქსიმალური ფასი ბარელ ნავთობზე 60 დოლარია.
რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტი" მოიცავს ტანკერებს, რომლებიც უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაწესებული ნავთობის ემბარგოსთვის გვერდის ავლის მიზნით ცურავენ სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ.
"ჩრდილოვანი ფლოტი" იყენებს ძველ და ხშირად დაუზღვეველ ტანკერებს, რომლებიც რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების პაკეტი, რომელიც მზადდება არის "მასშტაბური" და მის ქვეშ ფიზიკური პირებიც მოექცევიან.
2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა, უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა. ამ პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესდა კიდევ 52 ხომალდს, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია. ჯამში სანქციების ქვეშ მოექცა 79 ხომალდი. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროპული კომპანიებისგან მომსახურების მიღება.
ასევე, დეკემბრის შუა რიცხვებში, ცნობილი გახდა, რომ 12 ევროპული სახელმწიფო - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები, ხუთი სკანდინავიური ქვეყანა და სამი ბალტიის ქვეყანა - შეთანხმდა, რომ ერთობლივად იმუშაონ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ.
შემზღუდავი ზომების დახმარებით, ევროპული ქვეყნები მოელიან, რომ არამხოლოდ შემცირდება რუსეთის შემოსავლები, არამედ გაიზრდება რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება. გარემოსდამცველთა ინფორმაციით, "ჩრდილოვანი ფლოტის" 200-მდე ტანკერი მოძველებულია და წესით ექსპლოატაციიდან უნდა იყოს გასული. ბოლო წლებში ამ ტანკერებიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ზღვაში დაღვრის არაერთი შემთხვევა გამოვლიდან.