უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, კურსკის ოლქში დაღუპული და დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა უკვე 3 ათასს აჭარბებს.
აღნიშნულია, რომ 23 დეკემბერს შეხვედრაზე იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება კურსკის ოპერაციაზე.
„არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ჯარში დამატებითი ჯარისკაცების და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის რისკები და ამაზე იქნება ჩვენი საგრძნობი პასუხები. ახლა, წინასწარი მონაცემებით, კურსკის ოლქში დაღუპული და დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რაოდენობა უკვე 3 ათას ადამიანს აჭარბებს“, - აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიომ გაიგოს, რომ დესტაბილიზაციის რისკი კორეის ნახევარკუნძულზე და მეზობელ რეგიონებში იზრდება მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობის ზრდის პროპორციულად.
მისივე თქმით, თანამედროვე ომის გამოცდილების გადაცემა და სამხედრო ტექნოლოგიების რუსეთიდან გავრცელება გლობალური საფრთხეა.