ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წელს ნატო-ს ევროპული ქვეყნები დახარჯავენ 380 მილიარდ აშშ დოლარს თავდაცვის ხარჯებზე, რაც მშპ-ის დაახლოებით 2%-ია. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1,85%-ს შეადგენდა.
„მოველით, რომ წელს 18 მოკავშირე თავდაცვაზე დახარჯავს მშპ-ის 2%-ს “, - თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ჯამური ხარჯები წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ორწლიანი ომის შემდეგ.
მისი თქმით, მთლიანობაში, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ გაზარდეს თავდაცვის ხარჯები 600 მილიარდ დოლარზე მეტით, მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ორპროცენტიიანი ზღვარი დადგინდა.
სტოლტენბერგის თქმით, შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგანაც ამ დრომდე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ნატო-ს მხოლოდ 11 ქვეყანა -პოლონეთი, შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა, ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ლატვია, გაერთიანებული სამეფო და სლოვაკეთი ხარჯავდა.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ერთ-ერთი მსხვილი ქვეყანა, რომელიც სამხედრო ხარჯებს დათქმულ ნიშნულამდე პირველად გაზრდის, გერმანიაა, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვაზე ბოლო ათი წელია, არ დაუხარჯავს.
2024 წელს ბერლინი სამხედრო სფეროში 71,8 მილიარდი ევროს დაბანდებას აპირებს. საფრანგეთიც, სავარაუდოდ, მის გზას მიჰყვება.
„ჩვენ არ უნდა დავტოვოთ სივრცე მოსკოვში არასწორი გათვლების ან გაუგებრობისთვის ჩვენს მზადყოფნას, ვალდებულებებსა და ჩვენს მონდომებათან დაკავშირებით, დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.