25 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა სამოციქულო ნუნციუსი, რომის პაპის დიპლომატიური წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი ვისვალდას კულბოკასი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "პაპის გადაწყვეტილება, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ახსენოს რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევა, რომელთანაც უკრაინა არაფერ შუაშია, გაუგებრობას იწვევს".
გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სრულმასშტაბიანი აგრესიის ექვსი თვის განმავლობაში "პონტიფიკოსს არასოდეს უსაუბრია კონკრეტულად უკრაინული მხარის არც ერთ მსხვერპლზე, მათ შორის დაღუპულ 376 ბავშვზე".
რომის პაპის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრომ კულებამაც.
"ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ პაპი ფრანცისკეს სრული ციტატა და, უპირველეს ყოვლისა, გადავწყვიტეთ, რომ გამოვიძახოთ სამოციქულო ნუნციუსი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა ამ სიტყვებისადმი უკრაინის იმედგაცრუება გამოვხატოთ. და მეორე, მე გულწრფელად ვიტყვი, რომ პაპის სიტყვებმა უკრაინელების გული გაგლიჯა. ეს უსამართლო იყო", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
დიპლომატიური წარმომადგენლის დაბარების მიზეზი რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის განცხადება გახდა, სადაც მან დარია დუგინას შესახებ ისაუბრა.
"მე ვფიქრობ იმ საბრალო გოგოზე, რომელიც მოსკოვში მისი სკამის სავარძლის ქვეშ არსებული ბომბით აფეთქდა. ომის უდანაშაულო მსხვერპლი. უდანაშაულო! მოდით, ვიფიქროთ ამ რეალობაზე და ერთმანეთს ვუთხრათ: ომი სიგიჟეა", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
რუსი ულტრანაციონალისტისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს ღამით, მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია და მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მონაწილეობა დარია დუგინას მკვლელობაში. მისი თქმით, დუგინას მკვლელობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფება იბრძვის ძალაუფლებისთვის.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.