რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) განცხადებით, რუსი ულტრანაციონალისტისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია და მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.
უწყების განცხადებით, "დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს". მათივე მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის მოქალაქემ, 1979 წელს დაბადებულმა ნატალია ვოვკმა ჩაიდინა.
"ის რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა 2010 წელს დაბადებულ ქალიშვილ სოფია შაბანთან ერთად და იქირავა ბინა იმავე კორპუსში, სადაც დუგინა ცხოვრობდა", - ამბობს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
"მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი მივიდნენ ფესტივალზე, ააფეთქეს დუგინას მანქანა და გაემგზავრნენ ესტონეთში ფსკოვის გავლით", - აცხადებენ ФСБ-ში.
დარია დუგინა 20 აგვისტოს ღამით, მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შემთხვევიდან მალევე, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლის ლიდერმა, დენის პუშლინმა მკვლელობაში უკრაინა დაადანაშაულა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მონაწილეობა დარია დუგინას მკვლელობაში. მისი თქმით, დუგინას მკვლელობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფება იბრძვის ძალაუფლებისთვის.
ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.