20 აგვისტოს, მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა კრემლის იდეოლოგის, ულტრანაციონალისტისა და პუტინის თანამოაზრის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა.
გავრცელებული ცნობით, მანქანა, რომელსაც დარია დუგინა მართავდა, მამამისს ეკუთვნოდა. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ აფეთქების სამიზნე სწორედ ალექსანდრ დუგინი იყო.
რუსული მედია წერს, რომ მამა-შვილი ღონისძიებას ესწრებოდნენ, საიდანაც უკან ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ბოლო წუთს, ალექსანდრ დუგინმა გადაწყვეტილება შეიცვალა და სხვა მანქანით დაბრუნდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით მოკლე განცხადება გაავრცელა.
"გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა", - ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.
დარია დუგინა მუშაობდა "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობისთვის", რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს. დარია მამის მსგავსად, აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.